წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა წინაა – წიგნების ონლაინ მაღაზია და გამომცემლობა მსოფლიო ფენომენად ქცეული ბესტსელერის, ტარა ვესტოვერის მემუარის, „განათლებულის“ (Educated) ქართულ თარგმანს გამოსცემს.
განათლება აბსტრაქტული ცნებაა, რომელიც შეიძლება მიიღო სხვადასხვა გზით, მაგალითად, საშინაო დავალებების შესრულებებითა და ტესტების წერით, თუმცა ჩემთვის ეს ასე არ ყოფილა, რადგან განათლების გზაზე მთავარი ცნობისმოყვარეობა, კვლევა და აღმოჩენაა.
ტარა ვესტოვერი
ეს არ არის უბრალოდ წიგნი. ეს არის გადარჩენის, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და საკუთარი თავის გამოძერწვის დაუჯერებელი ისტორია. ტარა ვესტოვერი აიდაჰოს მთებში, მორმონი „სურვივალისტების1“ ოჯახში გაიზარდა, სახელმწიფო სისტემისგან სრულ იზოლაციაში – სკოლის, ექიმებისა და ხშირად, რეალურ სამყაროსთან კავშირის გარეშე. მისი წიგნი არის მტკივნეული, გულწრფელი და შოკისმომგვრელი თხრობა იმაზე, თუ როგორ დააღწია თავი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რადიკალურ იდეოლოგიას და როგორ მოიპოვა განათლება, რომელმაც საბოლოოდ კემბრიჯის უნივერსიტეტამდე მიიყვანა.
ამ გლობალური ბესტსელერის ქართულ ენაზე ამეტყველება კი მთარგმნელმა ნინო შეყილაძემ ითავა. ჩვენ მას ვესაუბრეთ თარგმნის პროცესის ემოციურ და პროფესიულ სირთულეებზე, ტარას სამყაროს უცხოობასა და იმ უნივერსალურ სათქმელზე, რომელიც ამ წიგნს ქართველი მკითხველისთვის აუცილებლად წასაკითხად აქცევს.
მოგესალმებით, ნინო. ტარა ვესტოვერის „განათლებული“ მსოფლიო ფენომენია, მაგრამ ყველა ბესტსელერი ერთნაირად არ „მუშაობს“ სხვადასხვა კულტურაში. რა იყო თქვენი პირველი, პირადი ემოცია, როდესაც ამ წიგნს გაეცანით? და რა იყო პირველი პროფესიული რეაქცია, როგორც მთარგმნელის – იფიქრეთ, „ეს ძალიან რთული იქნება“, თუ „ეს აუცილებლად უნდა ვთარგმნო“? რა დაინახეთ მასში ისეთი, რაც ქართველი მკითხველისთვის აუცილებლად სათქმელად მიგაჩნდათ?
ნინო შეყილაძე: გამარჯობა. ჩემი პირველ ემოციას შეიძლება ვუწოდოთ „შოკური“, რადგან ტარას მტკივნეული ამბის წაკითხვამ ბევრ რამეზე დამაფიქრა და საკუთარ თავს შევეკითხე: რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი ვართ ამ სამყაროში, ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს კულტურაში, ჩვენს ოჯახებში. რაც შეეხება პროფესიულ მხარეს, სწორედ ამ ტექსტის სირთულემ მომხიბლა და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მეთარგმნა, როცა გამომცემლობამ შემომთავაზა. საკმარისი იყო წამეკითხა პირველი თავი, რომ მივმხვდარიყავი, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა მოხვდეს ქართველი მკითხველის ხელში და ეს საქმე მე უნდა გამეკეთებინა.
აიდაჰოს შტატის „სურვივალისტების“ ოჯახი, მორმონული რწმენის რადიკალური ინტერპრეტაციები, სახელმწიფო სისტემისგან სრული იზოლაცია – ძალიან შორსაა ქართული რეალობისგან. რა იყო ყველაზე დიდი მთარგმნელობითი გამოწვევა ამ უცხო სამყაროს ქართულ ენაზე „გაცოცხლებისას“? როგორ ახერხებდით, რომ ტექსტი არ გამხდარიყო ზედმეტად ეგზოტიკური და მკითხველს ემპათია არ დაეკარგა პერსონაჟების მიმართ, რომელთა ცხოვრების წესიც მისთვის სრულიად გაუგებარი შეიძლება იყოს?
ნინო შეყილაძე: აიდაჰო, მით უმეტეს მორმონული რწმენა მართლმადიდებელი საქართველოსათვის სრულიად უცხოა. თუმცა, ამ უცხოობაში არის საერთო თემები: ოჯახი, რწმენა, ტრადიცია, ტკივილი, თავისუფლება და ა. შ. ეს ყველაფერი უნივერსალურია – ადამიანურია. რაც შეხება თარგმნას, მე ნებისმიერი ტექსტის თარგმნისას ვხელმძღვანელობ იუჯინ ნაიდას „დინამიკური ეკვივალენტურობის თეორიით“. რას ნიშნავს იმას, რომ, ერთი მხრივ, ვრჩები ერთგული ორიგინალის, მაგრამ მეორე მხრივ, ყველა გრამატიკული, სინტაქსური და ლექსიკოლოგიური კატეგორიის დაცვით, ვცდილობ, მთავარი აზრის თარგმნას, იმგვარად, რომ ტექსტი მშობლიურ ენაზე იკითხებოდეს ბუნებრივად.
ტარა ვესტოვერის თხრობის სტილი უნიკალურია – ის ერთდროულად არის ბავშვურად გულწრფელი, ინტელექტუალურად დახვეწილი და ემოციურად თავშეკავებული. როგორ იმუშავეთ ავტორის ამ რთული, მრავალშრიანი ხმის ქართული ეკვივალენტის პოვნაზე? იყო თუ არა მომენტები, როცა გიჭირდათ მისი ტონის დაჭერა – მაგალითად, როცა ის მძიმე ტრავმაზე საუბრობს, მაგრამ ამას თითქმის დისტანცირებულად, ფაქტების აღწერით აკეთებს?
ნინო შეყილაძე: ტარა ვესტოვერის ხმა ძალიან ნატიფია – თითქოს ერთდროულად სამი ტარა გვესაუბრება: ბავშვი, რომელიც ვერ ხვდება, რატომ სტკივა; მოზრდილი ქალი, რომელიც უკვე ხვდება; და მეცნიერად ქცეული ავტორი, რომელიც ცდილობს, საკუთარი გამოცდილება ობიექტურად აღწეროს. ტექსტში არაერთი ეპიზოდია, სადაც ტარა საშინელ ტრავმაზე წერს თითქმის უგრძნობი ტონით – თითქოს ცდილობს, ფაქტის აღწერით დაიცვას თავი ემოციური აფეთქებისგან. ქართულად ეს დისტანცია უნდა შემენარჩუნებინა, მაგრამ ისე, რომ მკითხველში შესაბამისი ემოცია გამოეწვია. ვცდილობდი, ტარას ენაში ის სიმარტივე შემენარჩუნებინა, რომელიც მის ტექსტს ძალას აძლევს. ზოგჯერ მთავარი იყო არა სიტყვების სიზუსტე, არამედ პაუზების, სიჩუმის გადმოცემა – ის სივრცე, სადაც მკითხველი თავად გრძნობს იმას, რასაც ავტორი ხმამაღლა აღარ ამბობს.
წიგნის სახელი – „განათლებული“ – ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ წიგნში ეს სიტყვა ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ დიპლომის აღებას. ის გულისხმობს საკუთარი თავის, ოჯახის და სამყაროს მტკივნეულ გადაფასებას. თარგმნის პროცესში როგორ იაზრებდით ამ ცნების სიღრმეს? თქვენთვის პირადად, ამ წიგნზე მუშაობის შემდეგ, შეიცვალა თუ არა რამით სიტყვა „განათლებულის“ მნიშვნელობა?
ნინო შეყილაძე: მართალია, სახელწოდება „განათლებული“ ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ თარგმნის პროცესში სულ უფრო ვგრძნობდი, რამდენად ღრმაა ეს სიტყვა. ტარასთვის განათლება არ არის მხოლოდ წიგნებისა და უნივერსიტეტის ამბავი – ეს არის შინაგანი გამოფხიზლება, საკუთარი წარსულისა და რწმენის გადაფასება. თარგმნისას ხშირად ვფიქრობდი, რამდენად რთულია ზოგჯერ სინათლეში გასვლა, როცა სიბნელე შენს სახლში, შენს ოჯახში, შენს მეხსიერებაშია. ამიტომ ჩემთვის სიტყვა „განათლებული“ საბოლოოდ იქცა სიმბოლოდ არა ცოდნის, არამედ გაგების, გამბედაობისა და თავისუფლების. ამ წიგნზე მუშაობამ მაიძულა სხვანაირად დავფიქრდე იმაზე, რას ნიშნავს იყო განათლებული – დღეს ეს სიტყვა ჩემთვის ნიშნავს ადამიანს, რომელიც მზად არის დაინახოს სიმართლე, თუნდაც ის ტკივილს იწვევდეს.
წიგნში არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ძალიან მძიმე, გრაფიკული სცენები. როგორც მთარგმნელი, როგორ უდგებით ასეთ ეპიზოდებს? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ტრავმული გამოცდილების ენობრივი გადმოცემა ისე, რომ შეინარჩუნო ორიგინალის სიმძაფრე, მაგრამ არ გადახვიდე მელოდრამაში ან სენტიმენტალურობაში? რამდენად რთულია ემოციურად ასეთ ტექსტზე მუშაობა?
ნინო შეყილაძე: ძალადობის სცენებზე მუშაობა ყოველთვის განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. „განათლებულში“ ეს ეპიზოდები შოკის მოსაგვრელად არაა ჩასმული, არამედ ისინი ტარას ცნობიერების ნაწილია – მისი გზა თვითშემეცნებამდე სწორედ ამ ტკივილზე გადის. თარგმნისას მთავარი ამოცანა იყო, ტექსტის სიმძაფრე არ გამქრალიყო, მაგრამ არც მელოდრამად ქცეულიყო. ძალადობის აღწერა ქართულად ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ან ზედმეტ პათოსში, ან პირიქით – ვულგარულობაში. ამიტომ ვეძებდი იმ ტონს, სადაც სიტყვა არ ყვირის, მაგრამ მკითხველს მაინც ესმის ტკივილი. ემოციურად ეს პროცესი ნამდვილად მძიმეა – ზოგჯერ გიწევს შეჩერდე, ამოისუნთქო და შემდეგ გააგრძელო. მაგრამ ამავე დროს არის რაღაც შინაგანი პასუხისმგებლობა: უნდა იპოვო გზა, რომ ავტორის ტკივილი მკითხველამდე მივიდეს ისე, რომ ის დააფიქროს. მთარგმნელისთვის ასეთ ტექსტზე მუშაობა ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ემოციები დათრგუნო და მოჰყვე ის, რაც მოხდა – ზუსტად ისევე, როგორც ამას ტარა ცდილობს თავის ცხოვრებისეულ ამბავში.
წიგნში უხვად ვხვდებით სპეციფიკურ ტერმინოლოგიას, იქნება ეს ტარას დედის მცენარეული მედიცინა მამის მიერ ჯართის დამუშავების ტექნიკური დეტალები, თუ მოგვიანებით, კემბრიჯისა და ჰარვარდის აკადემიური ცნებები. რომელიმე კონკრეტული სიტყვის ან ფრაზის თარგმნამ ხომ არ შეგიქმნათ განსაკუთრებული თავსატეხი? იქნებ გაიხსენოთ ერთი მაგალითი, რომელზეც დიდხანს ფიქრობდით და როგორ იპოვეთ გამოსავალი?
ნინო შეყილაძე: არა, ამ კუთხით სირთულე არ ყოფილა, რადგან შესატყვისი ქართულ ენაში თითქმის ყველამ მცენარესა თუ ბალახს ვუპოვე. რაც შეეხება „ჯართის ეზოში“ მომხდარ ამბებს, მართლაც იქ იყო სცენები, რომელთა თარგმნას უფრო მეტი დრო და ყურადღება დავუთმე. საჭირო იყო, რომ ყველაფერი ნათლად წარმომედგინა: ჯართისა თუ ამწეს სიმაღლე, სიგანე, ტარას მოძრაობა კონკრეტულ სივრცეში, სიმაღლიდან ვარდნა და ა.შ.. ყველა დეტალი ზუსტად უნდა ყოფილიყო გადმოთარგმნილი, რათა მკითხველს ამ სცენების წარმოდგენა არ გაუჭირდეს. თუმცა, ყველაზე რთულად სათარგმნი ეპიზოდი, ალბათ ტარასა და შონის „თამაშის“ თარგმნა იყო.
ერთგულება და ღალატი, სიყვარული და ძალადობა ერთმანეთშია გადახლართული. ქართულ კულტურაში ოჯახს განსაკუთრებული, ხშირად საკრალური მნიშვნელობა ენიჭება. როგორ ფიქრობთ, რა რეზონანსს გამოიწვევს ქართველ მკითხველში ტარას ისტორია ოჯახთან მტკივნეული დაშორების შესახებ? ხომ არ გიფიქრიათ, რომ ეს თემა შეიძლება ზოგიერთისთვის პროვოკაციულიც კი აღმოჩნდეს?
ნინო შეყილაძე: ტარას ისტორია ოჯახთან მტკივნეული დაშორების შესახებ ნამდვილად შეიძლება ქართულ კონტექსტში ემოციურად აღიქმებოდეს. ჩვენთან ოჯახი თითქმის წმინდა ცნებაა, და იმის თქმა, რომ შეიძლება გიყვარდეს და ამავე დროს უნდა წახვიდე, ბევრისთვის გაუგებრად ჟღერს. მაგრამ სწორედ ამიტომ მგონია, რომ ეს წიგნი ჩვენს მკითხველში ძლიერ რეზონანსს გამოიწვევს. „განათლებული“ არ არის ამბავი იმაზე, როგორ უნდა გაექცე ოჯახს – ეს არის ამბავი იმაზე, როგორ უნდა გაბედო და საკუთარ თავსაც მოუსმინო, მაშინაც კი, როცა მას ტკივილს მოაქვს. ტარას გადაწყვეტილება ოჯახიდან წასვლის შესახებ არ არის ამბოხება, არამედ თვითგადარჩენის გზა. შეიძლება ზოგისთვის ეს პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ამაშია წიგნის ძალა – ის არ გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ, არამედ გვაიძულებს დავფიქრდეთ: სად გადის ზღვარი ერთგულებასა და თვითგანადგურებას შორის?
მთარგმნელი ხშირად „უხილავი“ ფიგურაა, რომლის მიზანიც ავტორის ხმის გაჟღერებაა. თუმცა, ასეთი პირადი და ინტიმური ტექსტის თარგმნისას, რამდენად არის შესაძლებელი სრული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება? გიგრძნიათ თუ არა, რომ ტარას ისტორია თქვენზეც ახდენდა გავლენას და ტოვებდა ემოციურ კვალს? როგორ ახერხებდით ბალანსის დაცვას პროფესიულ დისტანციასა და პერსონაჟისადმი ემპათიას შორის?
ნინო შეყილაძე: როგორც მთარგმნელი, სრულ ნეიტრალიტეტს ვერასდროს აღწევ – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს მსგავს ტექსტთან, როგორიცაა „განათლებული“. ტარას ამბავმა ძლიერი ემოციური კვალი დამიტოვა; ხანდახან თარგმნა ძალზე გამიჭირდა. განსაკუთრებით კი იმ სცენას, როცა ტარა უფროს ძმას, ტაილერს ემშვიდობება. მიუხედავად იმისა, რომ მე ძმა არ მყავს, ეს სცენა იმდენად მძაფრად აღწერა, რომ ამეტირა. აქვე დავძენ, რომ ბალანსის შენარჩუნება ჩემთვის უმთავრესი იყო: ემპათია – ტარას განცდების მიმართ, თუმცა იმავდროულად დისტანციაც, რათა არ შემექმნა ტექსტში საკუთარი ემოციური ინტერპრეტაციები. არაფერი დამემატებინა და არაფერი დამაკლო.
იყო თუ არა თარგმნის პროცესში მომენტი, როდესაც ტექსტის რომელიმე ფრაგმენტმა, დეტალმა ან ავტორის მიერ გამოყენებულმა მეტაფორამ სრულიად ახალი შუქით დაგანახათ მთელი ნაწარმოები? ერთგვარი „ევრიკა“ მომენტი, რომელმაც შეცვალა თქვენი აღქმა წიგნის მთავარი სათქმელის შესახებ და შესაძლოა, თარგმანის სტრატეგიაზეც იმოქმედა?
დიახ, იყო რამდენიმე ასეთი მომენტი. მაგალითად, წიგნის თარგმნა რომ დავასრულე და ბოლო ნაწილს გადავხედე, მივხვდი, რომ ტარას მთიდან წამოსვლის შემდეგ, ნახევარი წიგნი ლუის კეროლის ცნობილი წიგნის „ელისი სარკისმიღმეთში“ ალუზია იყო.
და ბოლოს, წარმოიდგინეთ, რომ ხვდებით მკითხველს, რომელიც ყოყმანობს, შეიძინოს თუ არა „განათლებული“. რას ეტყოდით მას? სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს წიგნი არ უნდა გამოტოვოს არცერთმა ქართველმა მკითხველმა და რატომ არის ის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ ერთი ამერიკელი გოგოს უცნაური ისტორია?
ნინო შეყილაძე: ალბათ იმიტომ, რომ „განათლებული“ ბევრად მეტია, ვიდრე ერთი აიდაჰოელი, მორმონი გოგოს დაუჯერებელი ამბავი. პირველი რიგში, წიგნი გვასწავლის, როგორ შეიძლება ვიპოვოთ, უფრო სწორად, მოვიპოვოთ საკუთარი ხმა, მაშინაც კი, როცა კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი. მეორე რიგში კი, ოჯახი, რწმენა, ძალადობა, ერთგულება და ღალატი – ეს თემები უნივერსალურია; რომ საკუთარი თავის პოვნა ხშირად ყველაზე რთულია, რომელსაც დიდი შინაგანი რწმენა და გამბედაობა სჭირდება. და ბოლოს, ეს წიგნი ენით და სტილითაც უნიკალურია – ბავშვური გულწრფელობიდან ზრდასრული ქალის ინტელექტუალური სიღრმემდე. „განათლებული“ მხოლოდ ტარას ამბავს არ მოგიყვებათ – ის დაგაფიქრებთ, იმაზე რომ განათლების მიღება შეიძლება სკოლის გარეშეც, რადგან როგორც ტარა ამბობს: „განათლება აბსტრაქტული ცნებაა, რომელიც შეიძლება მიიღო სხვადასხვა გზით, მაგალითად, საშინაო დავალებების შესრულებებითა და ტესტების წერით, თუმცა ჩემთვის ეს ასე არ ყოფილა, რადგან განათლების გზაზე მთავარი ცნობისმოყვარეობა, კვლევა და აღმოჩენაა.“
მთარგმნელის შესახებ:
ნინო შეყილაძე (1982) – დაამთავრა ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთარგმნელობითი ფაკულტეტი. სწავლა გააგრძელა ბრიუსელის ერასმუსისა და თავისუფალ უნივერსიტეტებში (VUB), სადაც ეუფლებოდა წერით, თანმიმდევრულ და სინქრონულ თარგმნას, ევროპისმცოდნეობასა და კონფლიქტოლოგიას. 2012 წლიდან აქტიურად თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას. მის ანგარიშზე ოცდაათზე მეტი თარგმნილი ნაწარმოებია.
- სურვივალისტები (ინგლ. Survivalists) — სოციალური მოძრაობა, რომლის წევრებიც აქტიურად ემზადებიან მომავალში მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციებისთვის, როგორებიცაა ცივილიზაციის კოლაფსი, ბუნებრივი კატასტროფები, პანდემია ან საზოგადოებრივი წესრიგის სრული რღვევა (რედ. შენ.). ↩︎

