ტოლკინის ცხოვრებაზე მოყოლა სრულყოფილი ვერ გამოვა მისი შექმნილი სამყაროს ხსენების გარეშე. სავარაუდოდ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ამ წიგნით (იგულისხმება „ტოლკინის ბიოგრაფია“ (რედ. შენ.)) ის ქართველი მკითხველი დაინტერესდება, რომლისთვისაც ნაცნობია მისი უდიდებულესობა „ბეჭდების მბრძანებლის“ ქართული თარგმანი (მთარგმნელი: ნიკა სამუშია) და ტოპონიმებსა თუ პერსონაჟების სახელებსაც ამ თარგმანით იცნობს. თუმცა, არსებობს „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ გაქართულების სხვა (უფრო ადრინდელი) მცდელობაც, რომელსაც თავის დროზე თქვენ წინ მდებარე ბიოგრაფიის მთარგმნელი შეეჭიდა („ჰობიტის“ თარგმანი კიდევაც გამოიცა 2001 წელს). ბიოგრაფიის თარგმნისას დავეყრდენი ტოპონიმთა და სახელთა ჩემეულ თარგმანს, რომელიც განსხვავდება ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი ვერსიებისგან. შესაძლოა, განსაკუთრებული დავა გამოიწვიოს თავად სამყაროს სახელმა – „შუასკნელი“. გამოცემულ ქართულ თარგმანში ტოლკინის სამყაროს „შუახმელეთი“ ჰქვია.
ამ ბიოგრაფიაშიც კარგად გამოჩნდება, რა სკრუპულოზურობითა და კატეგორიულობითაც კი გამოირჩეოდა ტოლკინი, როდესაც საქმე მის მართლაცდა გენიალურ ნაშრომს ეხებოდა. გასაკვირი არ არის, რომ დაწერა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ითარგმნოს მისი შექმნილი სამყაროს საკუთარი სახელები, რომელთაგან არცერთი არ არის შემთხვევითი და ავტორის უდიდესი ცოდნა, ფანტაზია და მიზანშეწონილობა უდევს საფუძვლად. მე ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად მივყოლოდი ამ რეკომენდაციებს. აი, რას წერს ტოლკინი თავისი სამყაროს სახელის თარგმანზე:
Middle-earth არ არის რაიმე სხვა მხარე, სამყარო თუ „პლანეტა“, როგორც ამას ხშირად მიიჩნევენ ხოლმე – თუმცა კი პროლოგში, თავად ტექსტსა თუ დანართებში გარკვევით არის ახსნილი, რომ ამბავი ვითარდება ამ დედამიწაზე და იმ ცის ქვეშ, რომელიც მეტწილად ისეთივეა, დღეს რომ ვუცქერით. მნიშვნელობა ამ სახელისა გახლავთ „დასახლებული მიწები (ელფთა და) კაცთა; ის წარმოგვიდგენია, როგორც მდებარე დასავლეთის ზღვასა და შორეულ აღმოსავლეთის ზღვას შორის (ამ უკანასკნელის არსებობის შესახებ დასავლეთში მხოლოდ გადმოცემით იციან). Middle-earth გახლავთ გათანამედროვებული შუასაუკუნეობრივი სიტყვა middel-erde, რომელიც, თავის მხრივ, მოდის ძველინგლისური middan-geard-იდან (იხ. „ისენგარდი“). ჰოლანდიურ და შვედურ ვერსიებში მართებულად არის გამოყენებული ძველი მითოლოგიური დასახელებები, რომლებიც შესულია მათ თანამედროვე ენებში: ჰოლანდიური Midden-aarde, შვედური Mid-gård.
ამ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, მართებულად მივიჩნიე, Middle-earth გადმომეთარგმნა, როგორც „შუასკნელი“ – ეს ადამიანთა სამყოფელია, მას დაჰყურებს ცა, „რომელიც მეტწილად ისეთივეა, დღეს რომ ვუცქერით“.
ნინო ბარძიმიშვილი, მთარგმნელი



