აღწერა
ფანატიკოსმა მშობლებმა საგულდაგულოდ იზრუნეს, შვილები უფლისგან განდგომილი, ბილწი საზოგადოების დამღუპველი გავლენისგან დაეცვათ და მოემზადებინათ „ზიზღის დღეებისთვის“, „სამყაროს აღსასრულისთვის“, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი მორმონები გაუძლებდნენ.
ტარამ გააღწია მოჯადოებული წრიდან. ალალბედზე, უსინათლოსავით ხელის ცეცებით შეაბიჯა უცხო სამყაროში. ჯართის თრევასა და ოჯახურ ტირანიაში გაზრდილი, „არარსებული“ ბავშვი, რომელმაც ჰოლოკოსტის შესახებ პირველად ჩვიდმეტი წლისამ შეიტყო, დღეს კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორი და ჰარვარდის მკვლევარია.
თუმცა, დაუჯერებელი პიროვნული ტრანსფორმაცია, პირქუშ წარსულზე უარის თქმა, წყვდიადიდან გამოღწევა, განათლება და თავისუფლება ოჯახის მოღალატედ შერაცხილ, უახლოესი ადამიანების მიერ გარიყულ ტარა ვესტოვერს უდიდესი ადამიანური მსხვერპლის ფასად დაუჯდა. ამ ყველაფერზე ის თავად გვიამბობს – გულწრფელად და შეულამაზებლად, რათა გვაჩვენოს, რა ძალა აქვს ადამიანის სულს, რომელიც იბრძვის, იპოვოს საკუთარი ხმა იქ, სადაც მას მიზანმიმართულად ახშობენ; დაგვარწმუნოს, რომ ადამიანის ხელახალი დაბადება, ძირეული სახეცვლა შესაძლებელია.
ტარა ვესტოვერის მემუარების წაკითხვის შემდეგ, მართლაც მთელი სიცხადით გავიაზრებთ, რას ნიშნავს სინამდვილეში, იყო „განათლებული“. ეს წიგნი დაგვეხმარება, მუდამ ვეძიოთ საკუთარი ხმა, ვიცნობდეთ საკუთარ თავს და გავაღწიოთ სინათლეში.


