აღწერა
ათასი წლის განმავლობაში ზეციდან ფერფლი ცვიოდა და არცერთ ყვავილს არ უყვავილია. ათასი წლის განმავლობაში სკაა მონურ სიღატაკესა და გამუდმებულ ძრწოლაში ცხოვრობდა. ათასი წლის განმავლობაში მბრძანებელი, „უსასრულობის ნამსხვრევი“, აბსოლუტური ძალაუფლებითა და თავზარდამცემი ტერორით მართავდა სამყაროს, ღვთიურად უძლეველი. მაგრამ ერთ დღეს, მბრძანებლის ყველაზე ჯოჯოხეთური საპყრობილის წიაღში, საზარელი ნაიარევებით დასერილმა, გულმოკლულმა შერეულსისხლიანმა სკაამ უეცრად კვლავ იპოვა დიდი ხნის წინ ჩამქრალი, ადამიანების მეხსიერებიდან თითქოსდა სამუდამოდ ამოშანთული იმედი. იპოვა და გააცოცხლა. კელსიერი „გატყდა“ და საკუთარ თავში ნისლშობილის ძალები აღმოაჩინა. სწორუპოვარმა ქურდმა და პირველობისთვის დაბადებულმა, თავისი ელვარე ნიჭი უდიდესი საქმისკენ მიმართა, რომლის მთავარი სამიზნე თავად მბრძანებელია.
კელსიერმა იატაკქვეშეთის ელიტა – ყველაზე ჭკვიანი და სანდო ალომანტები შეკრიბა; თითოეული მათგანი მისი – ნისლშობილის – მრავალი უნარიდან ერთს ფლობს და ყველას უყვარს სახიფათო გამოწვევები. მერეღა გაამხელს კელსიერი თავის სანუკვარ ოცნებას – არა მხოლოდ ისტორიაში უდიდეს ქურდობაზე, არამედ ღვთიური ტირანიის დამხობაზე ოცნებას.
მაგრამ ყველა დროის საუკეთესო კრიმინალური გუნდითაც კი, კელის გეგმა თითქმის შეუძლებელ ავანტიურას ჰგავს, სანამ ბედისწერა მის ცხოვრებაში ვინს, გულჩათხრობილ, ჩამოძენძილ გოგონას არ შემოიყვანს. კელსიერის მსგავსად, ისიც შერეულსისხლიანი ობოლია, თუმცა ბევრად უფრო სასტიკ და უმოწყალო პირობებში გაზრდილი. ვინმა ისწავლა, რომ არასოდეს არავის ენდოს, რომ ღალატს ყველასგან ელოდოს, და ასეც ხდებოდა. ხოლო ახლა მან ნდობა უნდა ისწავლოს, რათა კელსიერი დაეხმაროს იმ ძალების დაუფლებაში, რომლებზეც ოცნებასაც კი ვერ გაბედავდა.
ეს საგა სვამს მარტივ კითხვას: რა მოხდება, თუ წინასწარმეტყველების გმირი დამარცხდება?

